როგორ წავიკითხოთ ტარო? - სრული გზამკვლევი დამწყებთათვის

Artopia •

ტარო ბევრისთვის მხოლოდ იდუმალ სიმბოლოებთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ის შეიძლება იყოს საკუთარი თავის უკეთ გაცნობის, ფიქრების დალაგებისა და კითხვებზე სიღრ…

როგორ წავიკითხოთ ტარო? - სრული გზამკვლევი დამწყებთათვის

რა არის ტარო?


ტარო არის 78 კარტიანი სისტემა, რომელიც შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:

1) დიდი არკანა (22 კარტი)

დიდი არკანა გვიყვება ცხოვრების დიდ თემებზე: არჩევანი, გარდატეხა, შინაგანი ზრდა, ძალა, შიში, ცვლილება, ბედისწერის შეგრძნება. როდესაც გაშლაში დიდი არკანის კარტები ჭარბობს, ეს ხშირად ნიშნავს, რომ საკითხი შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

2) მცირე არკანა (56 კარტი)

მცირე არკანა უფრო ყოველდღიურ თემებს ეხება: ურთიერთობები, საქმე, ემოციები, გადაწყვეტილებები, ფული, ენერგია, კონფლიქტი. იგი 4 მასტად იყოფა:

  • თასები (Cups) - ემოციები, სიყვარული, ურთიერთობები, ინტუიცია.
  • კვერთხები (Wands) - ენერგია, მოტივაცია, მოქმედება, იდეები.
  • ხმლები (Swords) - აზროვნება, კომუნიკაცია, სიმართლე, კონფლიქტი.
  • მონეტები (Pentacles) - ფინანსები, საქმე, მატერიალური სამყარო, სტაბილურობა.

როგორ მოვემზადოთ ტაროს კითხვისთვის?


ტაროს კითხვა მხოლოდ კარტის გადმობრუნება არ არის. კარგ ინტერპრეტაციაში დიდი როლი აქვს შენს განწყობასაც.

შეიქმენი მშვიდი გარემო

აირჩიე ადგილი, სადაც რამდენიმე წუთით მშვიდად იქნები. შეგიძლია დაალაგო მაგიდა, აანთო სანთელი ან უბრალოდ წყნარ გარემოში დაჯდე. ეს აუცილებელი არაა, მაგრამ კონცენტრაციას ეხმარება.

აურიე დასტა ფოკუსით

კარტების არევის დროს იფიქრე შენს კითხვაზე. არ არის საჭირო “სპეციალური რიტუალი", მთავარი ყურადღებაა.

დასვი კონკრეტული კითხვა

ტარო ყველაზე კარგად მუშაობს, როცა კითხვა ღია და გასაგებია.

მაგალითად, ნაკლებად კარგი კითხვაა: მიყვარს თუ არა?

უკეთესი კითხვაა: რას უნდა მივაქციო ყურადღება ამ ურთიერთობაში? როგორია ამ სიტუაციის რეალური დინამიკა? რა მიშლის ხელს სიყვარულში?

ნაკლებად კარგი კითხვა: ვიშოვი ფულს?

უკეთესი კითხვა: რა დამეხმარება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში? რა უნდა ვიცოდე ამ სამუშაო შესაძლებლობის შესახებ?


როგორ წავიკითხოთ კარტები სწორად?


დამწყებებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყველა კარტს ერთი კონკრეტული, ფიქსირებული მნიშვნელობა აქვს. სინამდვილეში მნიშვნელობა სამი რამის ერთობლიობით იკითხება:

1) კარტის ძირითადი მნიშვნელობა

თითოეულ კარტს აქვს თავისი მთავარი თემა.

2) კითხვა

ერთი და იგივე კარტი სიყვარულზე, სამსახურზე და პიროვნულ ზრდაზე სხვადასხვა აქცენტით შეიძლება წავიკითხოთ.

3) მეზობელი კარტები

კარტები ერთმანეთს აზრს უმაგრებენ, ცვლიან ან ამძაფრებენ. მაგალითად, სამიანი ხმალი ხშირად ტკივილზე, იმედგაცრუებაზე ან გულისტკენაზე მიანიშნებს. მაგრამ თუ გვერდით ვარსკვლავი დევს, ეს ნიშნავს, რომ ტკივილს განკურნება და იმედი მოჰყვება.

რას ნიშნავს შებრუნებული კარტები?

როცა კარტი შებრუნებულად ამოდის, დამწყებს ხშირად ეშინია, რომ ეს აუცილებლად ცუდი ნიშანია. სინამდვილეში ასე არაა.

შებრუნებული კარტი შეიძლება ნიშნავდეს:

  • დაბლოკილ ენერგიას;
  • დაგვიანებას;
  • შინაგან პროცესს, რომელიც გარეთ ჯერ არ ჩანს;
  • გადაჭარბებულ ან დასუსტებულ გამოვლინებას;
  • კარტის პირდაპირი მნიშვნელობის საპირისპირო მხარეს.

მაგალითად:

  • სიძლიერე (strength) პირდაპირი - შინაგანი სიმტკიცე, მოთმინება;
  • სიძლიერე (strenghth) შებრუნებული - საკუთარ ძალაში ეჭვის შეტანა, ემოციური მერყეობა, თვითკონტროლის სირთულე.

თუ ჯერ სწავლობ, შეგიძლია თავდაპირველად მხოლოდ პირდაპირი კარტები წაიკითხო. ეს სრულიად ნორმალურია.

მარტივი გაშლები დამწყებისთვის


ერთი კარტი

საუკეთესოა დღის ენერგიისთვის ან ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის მისაღებად.

კითხვა: რა უნდა ვიცოდე დღეს?


სამი კარტი

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სასარგებლო ფორმატია. შეიძლება წავიკითხოთ ასე:

  • წარსული - აწმყო - მომავალი
  • სიტუაცია - დაბრკოლება - რჩევა
  • მე - მეორე ადამიანი - ურთიერთობის დინამიკა


ხუთი კარტი

იდეალურია, როცა გინდა უფრო მეტი სიღრმე. იკითხება ასე:

  • სიტუაცია;
  • ძირითადი მიზეზი;
  • რაც ხელს გიწყობს;
  • რაც ხელს გიშლის;
  • შედეგი ან რჩევა.


ერთი კარტის პრაქტიკული მაგალითები

კითხვა: რა უნდა ვიცოდე დღეს?

თუ ამოვიდა მზე, დღე ნათელი, პროდუქტიული და პოზიტიური შეიძლება იყოს; კარგი დროა გამოჩენისთვის, კომუნიკაციისთვის, საქმის დასრულებისთვის.

თუ ამოვიდა განდეგილი, დღეს ჯობს ცოტათი შენს თავთან დარჩე, ყველაფერი ხმამაღალი მოქმედებით არ გადაწყვიტო.

თუ ამოვიდა კვერთხების ტუზი, ახალი იდეა, მოტივაცია ან შემოქმედებითი ენერგია დღეს მნიშვნელოვანი იქნება.


სამი კარტის წაკითხვის მაგალითი

კითხვა: რას უნდა მივაქციო ყურადღება ამ ურთიერთობაში?

ამოვიდა:

  • წარსული - თასების ექვსი
  • აწმყო - ორი თასი
  • მომავალი - სამართლიანობა

ინტერპრეტაცია: ეს ურთიერთობა შეიძლება ძლიერ ემოციურ ან წარსულთან დაკავშირებულ ენერგიას ატარებდეს. ახლა კავშირი ორმხრივია, მაგრამ მომავლისთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება, ბალანსი და მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება.

დიდი არკანა — თითოეული კარტის მნიშვნელობა


0. სულელი (The Fool)

საკვანძო სიტყვები: ახალი დასაწყისი, თავისუფლება, სპონტანურობა, რწმენა, გაურკვევლობაში ნაბიჯის გადადგმა.

ეს კარტი მიანიშნებს ახალ გზაზე, ჯერ უცნობ მიმართულებაზე და იმ სურვილზე, რომ რაღაც დაიწყო ზედმეტი შიშის გარეშე. სულელი ხშირად ჩნდება მაშინ, როცა ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - ახალი საქმე, ურთიერთობა, მოგზაურობა ან შინაგანი ცვლილება.

პირდაპირი: ახალი დასაწყისი, გულწრფელი ენთუზიაზმი, ნდობა ცხოვრების მიმართ.

შებრუნებული: დაუფიქრებელი ნაბიჯი, რისკის ვერ შეფასება, მოუმზადებლობა.


I. მაგი (The Magician)

საკვანძო სიტყვები: ძალა, რესურსი, უნარი, მანიფესტაცია, მიზანმიმართულობა.

მაგი ამბობს, რომ შენ უკვე გაქვს ის, რაც გჭირდება. ეს კარტი მოქმედებას, ნებისყოფასა და შესაძლებლობების გამოყენებას უკავშირდება.

პირდაპირი: შესაძლებლობების გამოყენება, თავდაჯერებული მოქმედება, მიზნის რეალიზება.

შებრუნებული: მანიპულაცია, საკუთარ ძალაში ეჭვი, უნარის ვერ გამოყენება.


II. უმაღლესი ქურუმი (The High Priestess)

საკვანძო სიტყვები: ინტუიცია, საიდუმლო ცოდნა, შინაგანი ხმა, სიჩუმე.

ეს კარტი გეუბნება, რომ პასუხი გარეთ კი არა, შიგნით უნდა მოძებნო. ზოგჯერ ყველაფერი ჯერ ბოლომდე არ ჩანს და საჭიროა მოთმინება.

პირდაპირი: ინტუიციის ნდობა, სიღრმე, შინაგანი სიბრძნე.

შებრუნებული: ინტუიციის იგნორირება, დაბნეულობა, დაფარული ინფორმაციის არასწორი წაკითხვა.


III. იმპერატრიცა (The Empress)

საკვანძო სიტყვები: სიუხვე, ზრუნვა, შემოქმედება, ნაყოფიერება, სილამაზე.

იმპერატრიცა დედობრივი, თბილი, შემოქმედებითი ენერგიის კარტია. იგი ზრდას, სიუხვესა და რაღაცის ბუნებრივად განვითარებას უკავშირდება.

პირდაპირი: შემოქმედება, სიყვარულით მოვლა, სიმრავლე, ზრდა.

შებრუნებული: საკუთარ თავზე ზრუნვის ნაკლებობა, ენერგიის დაცლა, გადაჭარბებული მზრუნველობა.


IV. იმპერატორი (The Emperor)

საკვანძო სიტყვები: სტრუქტურა, კონტროლი, წესრიგი, პასუხისმგებლობა, სტაბილურობა.

პირდაპირი: ლიდერობა, სტაბილურობა, საზღვრები, პასუხისმგებლობა.

შებრუნებული: ზედმეტი კონტროლი, სიმკაცრე, მოუქნელობა, ავტორიტეტთან პრობლემა.


V. იეროფანტი (The Hierophant)

საკვანძო სიტყვები: ტრადიცია, სწავლა, სულიერი წესები, მენტორი, სისტემა.

იეროფანტი ხშირად ჩნდება მაშინ, როცა საჭიროა გამოცდილი ადამიანის რჩევა, ტრადიციული გზა ან ღირებულებების გადახედვა.

პირდაპირი: სწავლა, ტრადიციული მიდგომა, მენტორობა, ღირებულებები.

შებრუნებული: წესების უარყოფა, მეამბოხეობა, საკუთარი გზის ძიება.


VI. შეყვარებულები (The Lovers)

საკვანძო სიტყვები: არჩევანი, კავშირი, სიყვარული, ჰარმონია, ღირებულებების თანხვედრა.

ეს მხოლოდ რომანტიკული კარტი არ არის. იგი ხშირად მიუთითებს მნიშვნელოვან არჩევანზე და იმაზე, ემთხვევა თუ არა შენი არჩევანი შენს ნამდვილ ღირებულებებს.

პირდაპირი: ღრმა კავშირი, გულწრფელი არჩევანი, ჰარმონია.

შებრუნებული: უთანხმოება, გაურკვეველი არჩევანი, ღირებულებების კონფლიქტი.


VII. ეტლი (The Chariot)

საკვანძო სიტყვები: მოძრაობა, გამარჯვება, ნებისყოფა, მიზანი, კონტროლი.

ეტლი გეუბნება, რომ დისციპლინა და ფოკუსი მიგიყვანს შედეგამდე. ეს წინსვლის კარტია.

პირდაპირი: პროგრესი, გამარჯვება, კონტროლი, მიზნისკენ სწრაფვა.

შებრუნებული: მიმართულების დაკარგვა, იმპულსურობა, ძალების გაფანტვა.


VIII. სიძლიერე (Strength)

საკვანძო სიტყვები: შინაგანი ძალა, მოთმინება, სიმშვიდე, თანაგრძნობა, გამძლეობა.

სიძლიერე არა გარეგან დომინაციას, არამედ შინაგან სიმტკიცეს გამოხატავს. ეს კარტი გვასწავლის რბილი ძალის მნიშვნელობას.

პირდაპირი: გამძლეობა, ემოციური სიმტკიცე, ნაზი კონტროლი.

შებრუნებული: დაურწმუნებლობა, სუსტი საზღვრები, შინაგანი არასტაბილურობა.


IX. განდეგილი (The Hermit)

საკვანძო სიტყვები: განმარტოება, ძიება, თვითანალიზი, სიბრძნე, შიგნით ჩახედვა.

განდეგილი გვეუბნება, რომ პასუხი ხმაურში არ არის. დროებით უკან დახევა და საკუთარ თავთან ყოფნა სასარგებლოა.

პირდაპირი: თვითანალიზი, სიღრმე, შინაგანი ძიება.

შებრუნებული: ზედმეტი იზოლაცია, მარტოობის შიში, შინაგანი ხმის დაკარგვა.


X. ბედის ბორბალი (Wheel of Fortune)

საკვანძო სიტყვები: ციკლი, ცვლილება, ბედის შემობრუნება, დრო, მოძრაობა.

ეს კარტი გვახსენებს, რომ ყველაფერი ცვალებადია. ხშირად მიანიშნებს მოულოდნელ ცვლილებაზე ან ახალ ციკლზე.

პირდაპირი: ცვლილება უკეთესობისკენ, ბედი, შესაძლებლობა.

შებრუნებული: ჩარჩენა ციკლში, წინააღმდეგობა ცვლილების მიმართ, დროის არასასურველი ფაზა.


XI. სამართლიანობა (Justice)

საკვანძო სიტყვები: სიმართლე, ბალანსი, პასუხისმგებლობა, შედეგი, სამართლიანი შეფასება.

სამართლიანობა ემოციის ნაცვლად ობიექტურობას ითხოვს. ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კარტი.

პირდაპირი: სამართლიანი შედეგი, სიმართლის დანახვა, პასუხისმგებლობა.

შებრუნებული: უსამართლობის შეგრძნება, რეალობის უარყოფა, პასუხისმგებლობის არიდება.


XII. დაკიდული კაცი (The Hanged Man)

საკვანძო სიტყვები: პაუზა, ახალი პერსპექტივა, დათმობა, შეჩერება, გადაფასება.

ეს კარტი მოქმედებაზე ნაკლებად და ხედვის შეცვლაზე მეტად საუბრობს. ზოგჯერ გაჩერება აუცილებელია.

პირდაპირი: ახალი კუთხით დანახვა, მოთმინება, ძველი კონტროლის გაშვება.

შებრუნებული: გაჭიანურება, უშედეგო ლოდინი, ცვლილებისადმი წინააღმდეგობა.


XIII. სიკვდილი (Death)

საკვანძო სიტყვები: დასასრული, ტრანსფორმაცია, გათავისუფლება, ახალი ეტაპი.

სიკვდილი იშვიათად ნიშნავს პირდაპირ ფიზიკურ სიკვდილს. იგი უფრო ძველი ეტაპის დასრულებასა და გარდაქმნას უკავშირდება..

პირდაპირი: მნიშვნელოვანი დასასრული, გარდაქმნა, განახლება.

შებრუნებული: წარსულზე ჩაჭიდება, ცვლილების შიში, გაჭიანურებული დასასრული.


XIV. ზომიერება (Temperance)

საკვანძო სიტყვები: ბალანსი, ჰარმონია, შერწყმა, მოთმინება, მშვიდი დინება.

ზომიერება გვირჩევს უკიდურესობების ნაცვლად ზომიერ გზას. ის ალქიმიას ჰგავს - სხვადასხვა ელემენტის სწორად შერწყმას.

პირდაპირი: ბალანსი, თანმიმდევრული ჰარმონია, განკურნება.

შებრუნებული: დისბალანსი, აჩქარება, გადაჭარბება.


XV. ეშმაკი (The Devil)

საკვანძო სიტყვები: მიჯაჭვულობა, ცდუნება, დამოკიდებულება, შიში, შეზღუდვა.

ეშმაკი ხშირად აჩვენებს იმას, რაც გვაკავებს: შიში, ჩვევა, დამოკიდებულება, ტოქსიკური დინამიკა ან საკუთარი თავის საბოტაჟი.

პირდაპირი: შეზღუდვის დანახვა, ტოქსიკური მიჯაჭვულობა, ცდუნება.

შებრუნებული: გათავისუფლების დაწყება, დამოკიდებულების გაცნობიერება, კავშირის გაწყვეტა.


XVI. კოშკი (The Tower)

საკვანძო სიტყვები: მოულოდნელი ცვლილება, დანგრევა, შოკი, გათავისუფლება, სიმართლის გამოკვეთა.

კოშკი შეიძლება წასაკითხად რთული კარტი იყოს, მაგრამ ხშირად ის ანგრევს იმას, რაც თავიდანვე არამყარად იდგა.

პირდაპირი: მოულოდნელი რღვევა, თვალის ახელა, ძველი სტრუქტურის ჩამოშლა.

შებრუნებული: ცვლილებისადმი წინააღმდეგობა, შიგნით დაგროვილი დაძაბულობა, გარდაუვალის გაჭიანურება.


XVII. ვარსკვლავი (The Star)

საკვანძო სიტყვები: იმედი, განკურნება, რწმენა, სიწმინდე, შთაგონება.

ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და იმედიანი კარტია. ხშირად მოდის რთული ეტაპის შემდეგ.

პირდაპირი: იმედი, შთაგონება, განკურნება, შინაგანი სიმშვიდე.

შებრუნებული: რწმენის დაკარგვა, პესიმიზმი, ძალისგან დაცლა.


XVIII. მთვარე (The Moon)

საკვანძო სიტყვები: ილუზია, გაურკვევლობა, შიში, ქვეცნობიერი, ინტუიცია.

მთვარე ნიშნავს, რომ ყველაფერი ჯერ ნათლად არ ჩანს. ხშირად მიუთითებს შერეულ სიგნალებზე, ემოციურ ბუნდოვანებაზე ან ინტუიციურ ძიებაზე.

პირდაპირი: ბუნდოვანება, ინტუიცია, დაფარული შიში, გაურკვეველი სიტუაცია.

შებრუნებული: ნისლის გაფანტვა, სიმართლის გამოჩენა, შიშის შესუსტება.


XIX. მზე (The Sun)

საკვანძო სიტყვები: სიხარული, ნათელი, წარმატება, სიცხადე, სიცოცხლისუნარიანობა

მზე წარმატების, სიმართლის, სითბოს და ენერგიის კარტია. ხშირად ძალიან დადებით პასუხს იძლევა.

პირდაპირი: სიხარული, წარმატება, სიცხადე, პოზიტიური შედეგი

შებრუნებული: დროებითი დაბრკოლება, ზედმეტი ოპტიმიზმი, სიხარულის დაგვიანება


XX. განკითხვის დღე (Judgement)

საკვანძო სიტყვები: გაღვიძება, გააზრება, მოწოდება, პასუხისგება, ახალი ეტაპი.

ეს კარტი გვთხოვს, შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას უფრო მაღალი ხედვით და გავიაზროთ რას გვასწავლის წარსული.

პირდაპირი: გამოღვიძება, მნიშვნელოვანი გააზრება, ახალი დონე.

შებრუნებული: თვითკრიტიკა, გაჭიანურებული გაღვიძება, წარსულის გაშვების სირთულე.


XXI. მსოფლიო (The World)

საკვანძო სიტყვები: დასრულება, მიღწევა, მთლიანობა, წარმატებული ფინალი, შემდეგი ეტაპი

მსოფლიო ნიშნავს, რომ რაღაც ციკლი სრულდება და მზად ხარ ახალი ეტაპისთვის.

პირდაპირი: დასრულება, წარმატება, მთლიანობის განცდა.

შებრუნებული: დაუმთავრებელი საქმე, ბოლო ნაბიჯის გადადება, ციკლის ვერ დახურვა.

მცირე არკანა - მასტების გაგება მარტივად

სანამ თითოეულ კარტზე გადავალთ, გაიაზრე ეს ძირითადი პრინციპი:

  • თასი გეკითხება: რას გრძნობ?
  • კვერთხი გეკითხება: რას აკეთებ და რა გაძლევს ენერგიას?
  • ხმალი გეკითხება: რას ფიქრობ და რა არის სიმართლე?
  • მონეტა გეკითხება: რა არის რეალურად, პრაქტიკულად და მატერიალურად შესაძლებელი?


სასახლის კარტები:

  • ტუზი - ახალი ენერგია, შესაძლებლობა;
  • ორი - არჩევანი, ბალანსი, დაყოფა;
  • სამი - ზრდა, განვითარება, გაფართოება;
  • ოთხი - სტაბილურობა ან ჩაკეტვა;
  • ხუთი - ცვლილება, დაძაბულობა, დისბალანსი;
  • ექვსი - მოძრაობა, აღდგენა, გაცვლა;
  • შვიდი - გამოცდა, შეფასება, პოზიციის დაცვა;
  • რვა - მოძრაობა, სიღრმე, ინტენსივობა;
  • ცხრა - თითქმის დასრულება, სიმწიფე;
  • ათი - პიკი, დასრულება, შედეგი.


სასახლის ფიგურები:

  • პაჟი (Page) - ახალი ამბავი, სწავლის ეტაპი, ცნობისმოყვარეობა;
  • რაინდი (Knight) - მოძრაობა, სწრაფვა, მოქმედება;
  • დედოფალი (Queen) - შინაგანი ფლობა, მომწიფებული ენერგია;
  • მეფე (King) - კონტროლი, გარეგანი გამოხატვა, ავტორიტეტი.


თასები (Cups)

თასების ტუზი

ახალი ემოციური დასაწყისი, გახსნილი გული, სიყვარული, სულიერი შევსება.

შებრუნებული: ემოციური ჩაკეტვა, გრძნობების შეკავება.

თასების ორი

პარტნიორობა, ჰარმონია, ორმხრივი გრძნობა, შეთანხმება.

შებრუნებული: გაუგებრობა, დისბალანსი ურთიერთობაში.

თასების სამი

მეგობრობა, სიხარული, აღნიშვნა, მხარდაჭერა.

შებრუნებული: ზედმეტი ხმაური, ზედაპირულობა, წრეში დაძაბულობა.

თასების ოთხი

ემოციური გაჩერება, უკმაყოფილება, შემოთავაზების ვერ დანახვა.

შებრუნებული: ახალი ინტერესის გაჩენა, ჩაკეტილობიდან გამოსვლა.

თასების ხუთი

დანაკარგი, სინანული, იმედგაცრუება, ყურადღება დაკარგულზე.

შებრუნებული: მიღება, წინსვლის დაწყება, გამოჯანმრთელება.

თასების ექვსი

ნოსტალგია, ბავშვობა, ძველი კავშირი, თბილი მოგონებები.

შებრუნებული: წარსულში ჩარჩენა, ზრდის საჭიროება.

თასების შვიდი

არჩევანის სიმრავლე, ილუზია, ფანტაზია, არარეალისტური სურვილები.

შებრუნებული: არჩევანის გამოკვეთა, მიწაზე დაშვება.

თასების რვა

ემოციურად ამოწურული მდგომარეობის დატოვება, უფრო ღრმა პასუხის ძიება.

შებრუნებული: წასვლის შიში, ნაცნობზე მიჯაჭვულობა.

თასების ცხრა

კმაყოფილება, სურვილის ასრულება, სიამოვნება.

შებრუნებული: ზედაპირული კმაყოფილება, გადაჭარბება.

თასების ათი

ოჯახური ბედნიერება, ემოციური სისრულე, ჰარმონია.

შებრუნებული: ოჯახური დაძაბულობა, იდეალური სურათის დარღვევა.

თასების პაჟი

სასიამოვნო შეტყობინება, ემოციური გახსნა, მგრძნობელობა, ინტუიცია.

შებრუნებული: მოუმწიფებელი ემოციურობა, მერყეობა.

თასების რაინდი

რომანტიკა, შეთავაზება, გრძნობებით მოქმედება, გულიდან წამოსული ნაბიჯი.

შებრუნებული: არასტაბილურობა, ზედმეტი იდეალიზაცია, დრამატულობა.

თასების დედოფალი

ემპათია, ინტუიცია, ემოციური სიღრმე, მზრუნველობა.

შებრუნებული: ემოციური გადაღლა, ზედმეტი ჩაძირვა გრძნობებში.

თასების მეფე

ემოციური სიმწიფე, გრძნობების მართვა, თანაგრძნობა კონტროლთან ერთად.

შებრუნებული: ჩახშობილი გრძნობები, ემოციური დისტანცია.


კვერთხები (Wands)

კვერთხების ტუზი

ახალი იდეა, შთაგონება, მოტივაცია, შემოქმედებითი ნაპერწკალი.

შებრუნებული: ენერგიის შეფერხება, სტარტის გადადება.

კვერთხების ორი

დაგეგმვა, მომავალზე ფიქრი, შესაძლებლობების შეფასება.

შებრუნებული: ნაბიჯის გადადგმის შიში, ვიწრო ხედვა.

კვერთხების სამი

გაფართოება, პროგრესი, ჰორიზონტის გახსნა, შედეგის მოლოდინი.

შებრუნებული: შეფერხება, დაგვიანება, გეგმების გადახედვა.

კვერთხების ოთხი

სტაბილური სიხარული, აღნიშვნა, სახლის ენერგია, მხარდაჭერა.

შებრუნებული: დროებითი დისჰარმონია, დაუმყარებელი საფუძველი.

კვერთხების ხუთი

კონკურენცია, განსხვავებული აზრები, არეულობა, შეჯახება.

შებრუნებული: კონფლიქტის დაცხრომა ან ჩახშობილი დაძაბულობა.

კვერთხების ექვსი

აღიარება, გამარჯვება, ყურადღების ცენტრში მოქცევა.

შებრუნებული: დაუფასებლობა, ეგოს თემა, თავდაჯერების შერყევა.

კვერთხების შვიდი

პოზიციის დაცვა, გაბედულება, კონკურენციის მიუხედავად დგომა.

შებრუნებული: გადაღლა, თავდაცვის სირთულე, უკან დახევა.

კვერთხების რვა

სისწრაფე, ამბების მოსვლა, დაჩქარებული განვითარება.

შებრუნებული: შეფერხება, გაუგებარი კომუნიკაცია, გაჩერება.

კვერთხების ცხრა

სიფრთხილე, გამოცდილებით გამაგრება, ბოლო ძალით დგომა.

შებრუნებული: გამოფიტვა, დაუცველობა, ზედმეტი თავდაცვა.

კვერთხების ათი

ტვირთი, ზედმეტი პასუხისმგებლობა, გადაღლა.

შებრუნებული: ტვირთის დაკლება, დახმარების მიღება, პასუხისმგებლობის გადანაწილება.

კვერთხების პაჟი

ცნობისმოყვარეობა, ახალი შთაგონება, კრეატიული შეტყობინება.

შებრუნებული: მოუსვენრობა, დაუმთავრებელი ენთუზიაზმი.

კვერთხების რაინდი

სწრაფი მოქმედება, ვნება, თავგადასავალი, ენერგიული ნაბიჯი.

შებრუნებული: იმპულსურობა, არასტაბილური ენერგია.

კვერთხების დედოფალი

ქარიზმა, თავდაჯერება, სითბო, შემოქმედებითი ძალა.

შებრუნებული: ეჭვი საკუთარ თავში, ენერგიის ჩავარდნა, ეჭვიანობა.

კვერთხების მეფე

ლიდერობა, ხედვა, ძლიერი მიმართულება, გავლენა.

შებრუნებული: დომინაცია, მოუთმენლობა, ზედმეტი კონტროლი.


ხმლები (Swords)

ხმლების ტუზი

სიცხადე, სიმართლე, გონებრივი გარღვევა, ახალი იდეა.

შებრუნებული: დაბნეულობა, არასწორი დასკვნა, კომუნიკაციის პრობლემა.

ხმლების ორი

გაჭედილი არჩევანი, თავის არიდება, შიდა დაძაბულობა.

შებრუნებული: სიმართლის დანახვა, გადაწყვეტილების დრო.

ხმლების სამი

გულისტკენა, ტკივილი, იმედგაცრუება, მტკივნეული სიმართლე.

შებრუნებული: განკურნება, ტკივილის გამოშვება, ნელ-ნელა გამოჯანმრთელება.

ხმლების ოთხი

დასვენება, პაუზა, გონებრივი აღდგენა, დროებით უკან დახევა.

შებრუნებული: გადაღლა, დასვენების უგულებელყოფა.

ხმლების ხუთი

კონფლიქტი, დაძაბული გამარჯვება, უხეში კომუნიკაცია, ეგოს ბრძოლა.

შებრუნებული: შერიგება ან დაძაბულობის შიგნით დატოვება.

ხმლების ექვსი

რთული ადგილიდან გადასვლა უფრო მშვიდ სივრცეში.

შებრუნებული: წარსულში ჩარჩენა, გადასვლის გართულება.

ხმლების შვიდი

ფარული ქცევა, თავის არიდება, სტრატეგია, არაგულწრფელობა.

შებრუნებული: სიმართლის გამჟღავნება, პასუხისმგებლობის აღება.

ხმლების რვა

შეზღუდულობის შეგრძნება, შიში, შინაგანი ბლოკი.

შებრუნებული: გათავისუფლების შანსი, ხედვის გახსნა.

ხმლების ცხრა

შფოთვა, უძილობა, გონებრივი ტანჯვა, შიშები.

შებრუნებული: შვების დაწყება, დახმარების საჭიროების აღიარება.

ხმლების ათი

დასასრული, მტკივნეული ფინალი, ბოლომდე მისული სიტუაცია.

შებრუნებული: აღდგენა, ყველაზე მძიმე ეტაპის გავლა.

ხმლების პაჟი

დაკვირვება, ცნობისმოყვარე გონება, ინფორმაციის მოკრება.

შებრუნებული: ჭორები, ზედმეტი ეჭვი, მოუმწიფებელი კომუნიკაცია.

ხმლების რაინდი

სწრაფი გონება, პირდაპირობა, გადაწყვეტილებით სვლა.

შებრუნებული: აგრესიული კომუნიკაცია, აუჩქარებელი დასკვნები.

ხმლების დედოფალი

გონებრივი სიცხადე, საზღვრები, სიმართლე, დამოუკიდებლობა.

შებრუნებული: სიცივე, ზედმეტი კრიტიკა, ემოციური მოწყვეტა.

ხმლების მეფე

ლოგიკა, სამართლიანი განსჯა, ობიექტურობა, ავტორიტეტი გონებით.

შებრუნებული: მკაცრი აზროვნება, დისტანცია, კონტროლი სიტყვით.


მონეტები (Pentacles)

მონეტის ტუზი

ახალი მატერიალური შესაძლებლობა, ფული, საქმე, სტაბილური შანსი.

შებრუნებული: ხელიდან გაშვებული შანსი, არასტაბილური დასაწყისი.

მონეტის ორი

ბალანსი, რამდენიმე საქმის ერთდროული მართვა, მოქნილობა.

შებრუნებული: გადატვირთვა, ბალანსის დაკარგვა.

მონეტის სამი

თანამშრომლობა, უნარის დაფასება, გუნდური საქმე, პროფესიული ზრდა.

შებრუნებული: ცუდი კოორდინაცია, დაუფასებელი შრომა.

მონეტის ოთხი

დაჭერა, კონტროლი, უსაფრთხოების სურვილი, შეკავება.

შებრუნებული: გახსნა, გაშვება, ფინანსური ან ემოციური მოქნილობა.

მონეტის ხუთი

ნაკლებობის განცდა, ფინანსური სირთულე, მარტო დარჩენის შიში.

შებრუნებული: დახმარების მიღება, მდგომარეობის გაუმჯობესება.

მონეტის ექვსი

გაცემა და მიღება, ბალანსი რესურსებში, მხარდაჭერა.

შებრუნებული: დისბალანსი, ვალის ან უთანასწორობის თემა.

მონეტის შვიდი

მოთმინება, შრომის შედეგის შეფასება, დროის ფაქტორი.

შებრუნებული: მოუთმენლობა, უშედეგო ინვესტიციის შეგრძნება.

მონეტის რვა

შრომა, დახვეწა, უნარის განვითარება, მონდომება.

შებრუნებული: რუტინა, მოტივაციის ვარდნა, დაუდევრობა.

მონეტის ცხრა

კომფორტი, დამოუკიდებლობა, შრომის ნაყოფი, ხარისხი.

შებრუნებული: გარეგან წარმატებაში ჩაკეტვა, შიდა სიცარიელე ან ფინანსური მერყეობა.

მონეტის ათი

ოჯახური სტაბილურობა, მემკვიდრეობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება.

შებრუნებული: ოჯახის ან ფინანსური სტრუქტურის დაძაბულობა.

მონეტის პაჟი

ახალი პრაქტიკული იდეა, სწავლა, ფულის ან საქმის ახალი შესაძლებლობა.

შებრუნებული: გაფანტულობა, პრაქტიკული დაუმუშავებლობა.

მონეტის რაინდი

მდგრადი შრომა, პასუხისმგებლობა, სანდო წინსვლა.

შებრუნებული: სტაგნაცია, ერთფეროვნება, გადაჭარბებული სიფრთხილე.

მონეტის დედოფალი

ზრუნვა პრაქტიკულ დონეზე, სიმყუდროვე, სიუხვე, სტაბილური ენერგია.

შებრუნებული: საკუთარ თავზე ნაკლები ზრუნვა, მატერიალურზე ზედმეტი ფოკუსი.

მონეტის მეფე

მატერიალური სტაბილურობა, წარმატება, ბიზნესის უნარი, უსაფრთხოება.

შებრუნებული: სიხისტე, მატერიალიზმი, კონტროლი რესურსებით.

როგორ წავიკითხოთ კარტი თემების მიხედვით?

სიყვარული და ურთიერთობები

ურთიერთობების კითხვაში ყურადღება განსაკუთრებით მიაქციე:

  • თასებს - ემოციური კავშირი;
  • შეყვარებულებს - ღრმა კავშირი ან მნიშვნელოვანი არჩევანი;
  • ორი თასი - ორმხრივი გრძნობა;
  • სამი ხმალი - გულისტკენა;
  • ეშმაკი - ტოქსიკური მიჯაჭვულობა;
  • ათი თასი - ემოციური ჰარმონია.

მაგალითი

თუ ამოვიდა: ორი თასი, იმპერატრიცა, ათი თასი, ეს შეიძლება მიუთითებდეს თბილ, მზარდ და ემოციურად სავსე ურთიერთობაზე.

თუ ამოვიდა: ეშმაკი, ხმლების რვა, სამი ხმალი, ეს ხშირად მიუთითებს მტკივნეულ მიჯაჭვულობაზე, შიშზე და ემოციურ ჭრილობაზე.


საქმე და ფინანსები

აქ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე:

  • მონეტებს - ფინანსები და სტაბილურობა;
  • კვერთხებს - ინიციატივა და კარიერული ენერგია;
  • მაგს - საკუთარი რესურსების გამოყენება;
  • იმპერატორს - სტრუქტურა და მართვა;
  • მონეტის ტუზს - ახალი ფინანსური შესაძლებლობა;
  • მონეტის რვას - შრომა და დახვეწა.


პირადი ზრდა

  • განდეგილი - შინაგანი ძიება;
  • სიძლიერე - საკუთარი თავის გაძლიერება;
  • სიკვდილი - ღრმა ტრანსფორმაცია;
  • ვარსკვლავი - განკურნება;
  • განკითხვის დღე - გაღვიძება და გაცნობიერება.

დამწყებების ყველაზე ხშირი შეცდომები

1. მხოლოდ “კარგი” და “ცუდი” კარტებით კითხვა

ტაროში არც ერთი კარტი არ არის მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი. რთული კარტები ხშირად ყველაზე კარგი მასწავლებლები არიან.

2. პანიკა ერთი კარტის გამო

მაგალითად, სიკვდილი, კოშკი, ეშმაკი დამაშინებლად ჟღერს, მაგრამ ხშირად ეს კარტები გარდაქმნას, სიმართლის დანახვასა და გათავისუფლებას ნიშნავს.

3. ერთი და იმავე კითხვის გამეორება

თუ პასუხი არ მოგეწონა, ერთსა და იმავე თემაზე გამუდმებით ახალი გაშლა მხოლოდ დაგაბნევს.

4. საკუთარი ინტუიციის იგნორირება

გაითვალისწინე ტრადიციული მნიშვნელობებიც, მაგრამ დააკვირდი, რა ემოცია გამოიწვია სიმბოლომ, ფერმა, გამომეტყველებამ, კონკრეტულად შენთვის.

როგორ დაიმახსოვრო კარტები უფრო მარტივად

  • ჯერ ისწავლე დიდი არკანა;
  • შემდეგ გაიგე 4 მასტის ძირითადი ხასიათი;
  • მერე დაამატე ტუზიდან ათამდე კარტები;
  • ბოლოს ისწავლე სასახლის ფიგურები.


კარგი პრაქტიკაა:

  • ყოველდღე ამოიღო ერთი კარტი;
  • ჩაიწერე, რას ნიშნავს ეს კარტი შენთვის;
  • ჩაიწერე მისი კლასიკური მნიშვნელობა.

რამდენიმე კვირაში მნიშვნელობები ბევრად უფრო ბუნებრივად დაგამახსოვრდება.

დასკვნა

ტაროს კითხვა არ ნიშნავს მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველებას. უფრო სწორად, ის არის სარკე, რომელიც გაჩვენებს მიმდინარე ენერგიას, შენს მდგომარეობას, ფარულ დინამიკას და შესაძლო მიმართულებებს. რაც უფრო ხშირად იმუშავებ კარტებთან, მით უკეთ ისწავლი როგორც მათი კლასიკური მნიშვნელობების, ისე საკუთარი ინტუიციის ცნობას.


თუ ახლახან შეიძინე ტაროს დასტა არტოპიაში, დაიწყე მარტივად: ერთი კარტით, შემდეგ სამი კარტით და ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ენა შენთვის სრულიად ბუნებრივი გახდება.


ტარო პირველ რიგში დიალოგია შენსა და შენს შინაგან ხმას შორის.


მოკლე შეხსენება დამწყებისთვის

  • დასვი მკაფიო კითხვა;
  • აირჩიე მარტივი გაშლა;
  • ჯერ შეხედე კარტის მთავარ მნიშვნელობას;
  • შემდეგ დააკავშირე ის შენს კითხვასთან;
  • ბოლოს გაითვალისწინე მეზობელი კარტები;
  • ენდე ინტუიციას, მაგრამ დაეყრდენი სტრუქტურასაც.


დააწკაპუნე აქ და დაათვალიერე ტაროები არტოპიაში.


სიყვარულით, არტოპია

ყველა სტატია